მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი სტუდია-სახელოსნო ,,Gurian-ART“
შემოქმედებითი სტუდია-სახელოსნო ,,Gurian-ART“ 2015 წელს შეიქმნა, მერაბ ბერძნიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის ბაზაზე. მისი საქმიანობა ეფუძნება ხელოვანთა თანამშრომლობას სახელოსნოს წევრების ან მოწვეული სტუმრების სტატუსით. მათთვის თავისუფალი შემოქმედებითი გარემოსა და საკომუნიკაციო სივრცის შექმნა, სტუდიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა.
,,Gurian-ART’’-ისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ურთიერთობები როგორც ინდივიდებთან, ისე შემოქმედებით ჯგუფებთან თუ ინსტიტუციებთან.
სტუდიის მიზანია ადგილობრივი (და არა მხოლოდ) მხატვრების ხელშეწყობა, მათი პროფესიული ზრდა და ერთობის პრინციპის შექმნა. ნებისმიერი ღონისძიება: სემინარები, მასტერ-კლასები, პლენერები, ვერნისაჟები და სხვ. – ემსახურება ერთის მხრივ, მხატვრების ნიჭის რეალიზაციას, გამოცდილების გაზიარებას და ასევე, ფართო საზოგადოების მხატვრული გემოვნებისა და ინტელექტის ამაღლებას, ნამდვილი შემოქმედების პოპულარიზაციას.
სტუდია-სახელოსნოში სხვადასხვა კულტურული პროექტები ხორციელდება და თითოეული მათგანი პრიორიტეტულია.
ადგილობრივ მხატვართა მხარდაჭერის პროგრამა
,,ადგილობრივ მხატვართა მხარდაჭერის პროგრამა“ ითვალისწინებს პროფესიონალ თუ თვითნასწავლ ადგილობრივ ხელოვანთა წახალისებას და ჩართვას შემოქმედებით გარემოში; აგრეთვე, გარკვეულ მატერიალურ მხარდაჭერას, მათთვის სამუშაო მასალებისა და ინვენტარის მიწოდების სახით. მხატვრებს მუშაობა შეუძლით ხელშეკრულების მიხედვით, როგორც სახელოსნოში, ასევე სახლში. თანამშრომლობის დეტალები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების შედეგად.
მხატვარს, რომელიც სახელოსნოს წევრი ხდება ერთწლიანი ხელშკრულების საფუძველზე, საშუალება ეძლევა, თავი იგრძნოს შემოქმედებითი პროცესების სრულფასოვან მონაწილედ, ჩაებას სახელოსნოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და თვითონვე შექმნას სტუდიისთვის აუცილებელი ატმოსფერო.
პროექტი “პირველი ნაბიჯი”
პროექტი ,,პირველი ნაბიჯის“ მიზანია, ხელი შუწყოს ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრების შემოქმედებით ზრდასა და პროფესიულ დაოსტატებას. მათთვის იქმნება დამოუკიდებელი სტუდიური მუშაობისთვის შესაბამისი გარემო, რათა აქ მიღებული გამოცდილება გახდეს წარმატებული სტარტი საეტაპო ნამუშევრების შესაქმნელად. პროექტი ზრუნავს, რომ ახალი სახელები ფართო საზოგადოებას გააცნოს და გზა დაულოცოს დიდ ხელოვნებაში.
სახელოსნოს წევრებთან თანამშრომლობა, ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათთვის საინტერესო, ოპტიმალური პირობების შეთავაზებას ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისთვის.
სახელოსნო მუშაობს ისეთი დარგების მიმართულებით, როგორიცაა: დაზგური გრაფიკა, ფერწერა და ხატწერა.
აღსანიშნავია, რომ სახელოსნოში არსებობს ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია ლიტერატურა სახვითი ხელოვნების ისტორიაში, ბიოგრაფიული მასალები, ალბომები და კატალოგები, რითაც სარგებლობენ სტუდიის წევრები და სტუმრები.
ცენტრთან შეთანხმებით, სახელოსნო უფლებამოსილია, გააფორმოს თანამშრომლობის ხელშკრულებები საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ხელოვანებთან; დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა კულტურული პროგრამები, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
პროექტი ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“
“შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც 2016 წლიდან დღემდე, შესანიშნავად გაართვა თავი დასახულ მიზნებს და უკვე ჩამოაყალიბა ორიგინალური ადგილობრივი არტ-პლატფორმა.
დაზგური გრაფიკის სახელოსნო, პროექტის მიმდინარეობისას აერთიანებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ გრაფიკოსებს.
პროექტი მოიცავს სემინარებს, მასტერ-კლასებს, ექსპერიმენტულ სამუშაოებს. მხატვართა ჯგუფის მიერ იქმნება დაზგური გრაფიკის ორიგინალური ნიმუშები (ოფორტი, ლითოგრაფია, ქსილოგრაფია, ლინოგრავიურა, მონოტიპია და სხვ.). პროექტის ბოლოს იმართება ერთობლივი გამოფენა. იბეჭდება ლიფლეტები და პროექტის მსვლელობის ამსახველი ბუკლეტები.
სტუდია-სახელოსნო ,,Gurian-ART” კულტურული სიახლეების ავანგარდშია.
საქართველო, ქ. ოზურგეთი, რუსთაველის ქ. N 6
TEL +995 (0496) 274542 Email – gurianart@gmail.com
